საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ზურაბ ფირანაშვილი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების უფროსი, საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი მათემატიკოსი.
ზურაბ ფირანაშვილი დაიბადა 1937 წლის 18 თებერვალს, ქალაქ ვანში, მოსამსახურის ოჯახში. მამა, არკადი ფირანაშვილი, მუშაობდა ვანის რაიფინგანის გამგედ. 1942 წელს დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. დედა, ნინა ფირანაშვილი იყო დიასახლისი.
ზურაბ ფირანაშვილი 1944 წელს შევიდა ქ.ვანის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს ვერცხლის მედლით. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს წარჩინების დიპლომით. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1969 წლიდან, შემდგომი წლების განმავლობაში მუშაობდა შემთხვევითი პროცესების განყოფილების გამგედ და სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების უფროსად.
1969 წელს დაიცვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1997 წელს დაიცვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1964 წელს დაიწყო ლექციების კითხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ასევე წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1993–2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.
მე–20 საუკუნის 70–იან წლებში აშშ–სა და გერმანიის მატემატიკური რეფერატული ჟურნალების რეცენზენტი. იყო აშშ მათემატიკური საზოგადოების წევრი.გამოქვეყნებული აქვს 86 სამეცნიერო სტატია და ერთი წიგნი.
ზურაბ ფირანაშვილი მუშაობდა შემთხვევით პროცესთა და სტოქასტურ სისტემათა ანალიზის, მოდელირებისა და მართვის, შემთხვევით პროცესთა აპროქსიმაციის, ინტერპოლაციისა და ექსტრაპოლაციის საკითხებზე. მის მიერ მირებულმა სამეცნიერო შედეგებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა ცნებები : ფირანაშვილი – ლის თეორია, ფირანაშვილის –შემთხვევითი პროცესი, ფირანაშვილის ჰარმონიზებადი შემთხვევითი პროცესი (იხ. წიგნი „Sampling Theory in Fourier and Signal Analysis, Edited by J.R.Higgins and R.L.Stens, Oxford University press, 1999; სტატიები: A.J.Lee, On Bandlimited stochastic processes, SIAM J.Appl. Math.,vol 30, N2 ,pp.269-277, 1976; Tibor Pogany, Whittaker-tipe derivative sampling reconstruction of stochastic processes, Appl. Mathem.Comput.,187,N1, 384-394, 2007 და სხვ.). ზურაბ ფირანაშვილისა და აკადემიკოს გივი სვანიძის ერთობლივი შრომები გახდა ერთერთი მძლავრი საფუძველი ჰიდროლოგიაში ახალი მიმართულების – სტოქასტური ჰიდროლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ზ.ფირანაშვილის ნაშრომები სტოქასტურ მოდელირებაში შესულია რუსულ საუნივერსიტეტო ლიტერატურაში.
ბატონ ზურაბს დარჩა ოჯახი, მეუღლე ნუნუ ფირანაშვილი და ორი ქალიშვილი მაკა და თამრიკო ფირანაშვილები.
ბატონი ზურაბ ფირანაშვილის სამეცნიერო ღვაწლი სამუდამოდ ჩაიწერება კიბერნეტიკის ინსტიტუტის მიღწევათა სიაში, ხოლო მისი ნათელი ხსოვნა დარჩება კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა გულებში.
ინსტიტუტის თანამშრომელთა სახელით:
კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ სულაბერიძე
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს
თავმჯდომარე რევაზ გრიგოლია