საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა
მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რუბრიკისთვის “საქართველოს მეცნიერთა მატიანე”, მოამზადა ვიდეოსიუჟეტი კიბერნეტიკის ინსტიტუტის ფუძემდებლის აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის შესახებ.
პროექტი "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია"
“CAPTAIN: Science is the Captain” – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“.
პროექტის სახელწოდება ინსპირირებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”).
აღნიშნული პროექტით საქართველო შეუერთდა საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ (“European Researchers’ Night“), რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული 30 ქვეყანა.
გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ ემსახურება საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კულტურის პალატის ჩართულობით, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია როგორც საკუთრივ უნივერსიტეტის, ისე მასში შემავალი კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე კვლევითი აქტივობები.
“ხაზის რადიო” 28.04.17 “კიბერნეტიკა გუშინ, დღეს, ხვალ…”
საქართველოს საზოგადოებრივი რადიო, გადაცემა “ხაზის რადიო” (28.04.17 ), ინტერვიუ სტუ ვლ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის „სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების“ გამგე გოდერძი ლეჟავასთან, ავტორი წიგნისა “კიბერნეტიკა – ამებიდან ინტელექტამდე”.
გადაცემაში გამოყენებულია რადიოს ოქროს ფონდში დაცული ვლადიმერ ჭავჭანიძის ინტერვიუ: “კიბერნეტიკა დღეს ხვალ“, რომელიც ჩაწერილია 60-იან წლებში.
წამყვანი: ნინო დათუკიშვილი
ორი წარმატების ისტორია
როგორც ცნობილია, CERIC-ERIC-ი წარმოადგენს კონსორციუმს, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წამყვან კვლევით სამეცნიერო ცენტრებში არსებული თანამედროვე, ყველაზე მოწინავე, კვლევითი ტექნიკის წვდომისა და სარგებლობის საშუალებას იძლევა. კონსორციუმის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერებასა და მრეწველობას, ენერგეტიკულ და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე ფოკუსირებით, პროგრესი განავითაროს სხვადასხვა მასალების, ბიომასალების და ნანოტექნოლოგიების სფეროში.
CERIC-ERIC–ის კვლევითი ინფრასტრუქტურული გრანტები გაერთიანებულია ჰორაიზონ ევროპის (Horizon Europa) პროგრამაში.
სტუ–ს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა ჯანო მარხულიამ, დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში 2017 წელს ცენტრალური ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის კონსორციუმის (Central European Research Infrastructure Consortium –CERIC) მიერ გამოცხადებულ კონკურში წარადგინა საკონკურსო წინადადება „Complex study of the structure and morphology of coated superparamagnetic iron oxide nanoparticles in ferrofluids obtained by new controllable technique“, Proposal Id: 20177016 და მოიპოვა გამარჯვება.
ზემოაღნიშნული გრანტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, განხორციელდა ერთობლივი კვლევები ავსტრიაში ქ. გრაცში, არაორგანული ქიმიის ინსტიტუში (Institute of Inorganic Chemistry, Graz University of Technology, Graz, Austria). შემდგომ კვლევები გაგრძელდა უნგრეთში, ვიგნერის ფიზიკის კვლევით ცენტრში (უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მყარი ტანის ფიზიკისა და ოპტიკის ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი) (Wigner Physics Research Center, Institute of Solid-State Physics and Optics of the Hungarian Academy of Sciences, Budapest, Hungary). კერძოდ, კვლევები მიმდინარეობდა სტუ–ს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სინთეზირებული სამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანოსითხეების ნიმუშების კომპლექსური ექსპერიმენტული ანალიზის მიზნით, თანამედროვე მეთოდებისა და უახლესი კვლევითი ტექნიკის გამოყენებით. გაზომვები ჩატარდა ნანონაწილაკების ანალიზატორზე Litisizer 500 (Anton Paar, Austria); ნანონაწილაკების ზომების დასადგენად და ზომების მიხედვით განაწილების დასადგენად გამოყენებულ იქნა მცირეკუთხოვანი რენტგენული გაბნევის (Small-angle X-ray scattering) სისტემა – SAXSPoint 2.0 (Anton Paar, Austria) და მცირეკუთხოვანი ნეიტრონული გაბნევის სისტემა – SANS diffractometer Yellow Submarine (Budapest, Hungary). მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, ავსტრიელ და უნგრელ პარტნიორებთან ერთად გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია1,2 და ასევე წარდგენილ იქნა მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე – NANOTECH / BIOTECH FRANCE 2021 – Evaluation of doxorubicin-loaded iron oxide nanoparticles synthesis and in vitro cytotoxicity on 4T1 tumorigenic epithelial cell lines
ჯანო მარხულია გრაცის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში
ჯანო მარხულია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მყარი ტანის ფიზიკისა და ოპტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში
სტუ–ს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა ვლადიმერ მიქელაშვილმა 2019 წელს ასევე მოიპოვა CERIC-ERIC-ი კვლევითი ინფრასტრუქტურული გრანტი #20192124 –„იმპულსური ნაპერწკალური განმუხტვების ეფექტის კვლევა ბიოლოგიური გამოყენების მაგნიტური ნანონაწილაკების ზედაპირულ მოდიფიკაციაზე“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ელექტროჰიდრავლიკური განმუხტვების გამოყენებით მიღებული ბიოლოგიური დანიშნულების რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების მარტივი, ეკონომიური და აღწარმოებადი სინთეზის და დახასიათების მეთოდების შემუშავება.
ამ მიზნით, გრაცის (ავსტრია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის SOMAPP LAB (Soft Matter Application Lab) -ის ლაბორატორიაში მცირეკუთხოვანი რენტგენის გაბნევის (Small-angle x-ray scattering -SAXS), სინათლის დინამიკური და ელექტროფორეტიკული გაბნევის (Dynamic & electrophoretic light scattering – DLS, ELS) ტექნიკის მეშვეობით განხორციელდა კვლევა სტუ–ს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სინთეზირებულ ბიოლოგიური გამოყენების სხვადასხვა ბიოაქტიური მასალით შემოგარსულ/დაფარულ (ლიმონმჟავა, დექსტრანი, ფოლიუმის მჟავა) რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების შემცველ სუსპენზიებზე. დადგინდა, რომ ასეთი თვისებებით მიღებული რკინის ოქსიდის ნანონაწილაკები შესაფერისი კანდიდატებია ბიოლოგიური გამოყენებისთვის, როგორიცაა სიმსივნის თერაპია, კონტრასტული აგენტები მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში, წამლის მიზნობრივი მიწოდება, იმუნოთერაპია და ჰიპერთერმია.
აღნიშნული გრანტის ფარგლებში, უცხოელ კოლეგებთან ერთად გამოქვეყნდა ორი სტატია1,2 მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში და წარდგენილი იქნა მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე.
ვლადიმერ მიქელაშვილი გრაცის (ავსტრია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის SOMAPP LAB (Soft Matter Application Lab) -ის ლაბორატორიაში