საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის
კიბერნეტიკის ინსტიტუტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 3 ოქტომბრის  # 690 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა დაადგინა: “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკა-კიბერნეტიკის განყოფილების ბაზაზე დაარსდეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი”.

ეს იყო პირველი კიბერნეტიკის ინსტიტუტი ყოფილ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და მისი დამაარსებელი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე.

შემდგომში, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე, ინსტუტუტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი კიბერნეტიკის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის #61 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.

ინსტიტუტის შექმნისას, მის წინაშე დაყენებული იყო შემდეგი ამოცანები: 

– კიბერნეტიკული სისტემების ელემენტების შესაქმნელად ახალი პრინციპების კვლევა და მათ საფუძველზე მაღალეფექტიანი საელემენტო ბაზის დამუშავება;

– ბუნებრივი და ხელოვნური პროცესების, სტრუქტურებისა და სისტემების მოდელირება და მაღალეფექტიანი კიბერნეტიკული სისტემების შექმნის ახალი ფიზიკური, კიბერნეტიკული, ბიონიკური პრინციპების დამუშავება.

არსებობის პირველი დღეებიდანვე კიბერნეტიკის ინსტიტუტი გამოირჩა მკვეთრი ინდივიდუალურობით, რაც მის ინტერდისციპლინარულობაში გამოიხატებოდა. ჩამოყალიბების პროცესში ინსტიტუტის კედლებში გაერთიანდნენ მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მედიკოსები და სხვა; ამ სპეციალისტებმა შესამჩნევი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში. შექმნიდან სულ რამდენიმე წელიწადში ინსტიტუტში მუშაობდა 1300 თანამშრომელზე მეტი და ინსტიტუტში ფუნქციონირებდა 11 სამეცნიერო განყოფილება და 38 ლაბორატორია.

აკადემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე 

აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის თაოსნობით, მის მოწაფეებთან ერთად, მუშავდებოდა ნეირონული ქსელების კვანტურ-ტალღური თეორია და ტვინის კოჰერენტული კვანტურ-ტალღური მოდელის თეორია. ინსტიტუტში დამზადდა ფოტომეტრი “ფოტოზავრი” და პოლარიზაციული შუქფილტრები, რომლებიც 10-ჯერ იქნა გამოყენებული კოსმოსურ აპარატებში.

ინსტიტუტის თანამშრომლები გახდნენ მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები.

აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი 20 წლის მანძილზე იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ნაშრომები ეხებოდა დაგვიანებული არგუმენტის მქონე დიფერენციალური განტოლებების საშუალებით მოცემული დინამიური სისტემების მართვის საკითხებს, რითაც მან საფუძველი დაუდო ამგვარი სისტემების ოპტიმალური მართვის მათემატიკურ თეორიას. მნიშვნელოვანია გ. ხარატიშვილის წვლილი ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადებაში, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს შორის მრავლადაა მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი, რომელთა გამოკვლევები აღიარებულია და ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ახალაია

ცნობილი მედიკოსი, ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ახალია იყო ყოფილი სსრკ-ს სტალინური პრემიის ლაურეატი, ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მ. ახალაია აქტიურად ამუშავებდა ახალი ტიპის მასალების-მაგნიტური სითხეების მიღების, კვლევისა და მედიცინასა და ბიოლოგიაში გამოყენების საკითხებს. ამ დარგში მისი გამოკვლევები პიონერული ხასიათის იყო, სწორედ ამიტომ, იგი არჩეული იყო მაგნიტური სითხეების პრობლემების შემსწავლელი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მაგნიტურ მოვლენათა ფიზიკის სექციასთან.

პროფესორი ხანზერიფა გაფრინდაშვილი იყო უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; იგი ცნობილი გახლდათ შრომებით ბოჭკოვანი ოპტიკის დარგში. მისი და მისი თანამშრომლების მიერ შექმნილი ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელი პირველად იქნა გამოყენებული საქართველოში გულზე ჩატარებული ოპერაციების დროს.

აკადემიკოსი კოხტა ჯაფარიძე

გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი კოხტა ჯაფარიძე, ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გახლდათ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ინდივიდუალურად – პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, კ. ჯაფარიძეს, მის მოწაფეებთან ერთად  ეკუთვნის ფუძემდებლური ნაშრომები ქიმიური რეაქციების მოდელირების და ქიმიური რეაქციების ოპტიმალური მართვის სფეროში.

ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი შერმაზან ყაყიჩაშვილი

საერთაშორისო სახელის მქონე პროფესორ შერმაზან ყაყიჩაშვილის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები, მისი და მისი მოწაფეების შემუშავებული უნიკალური ტექნოლოგიები ძირითადად ემყარება კოჰერენტული ოპტიკის ახალ მიმართულებას – პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიას. ის იყო ამ მიმართულების ფუძემდებელი, რასაც ცხადყოფს დარეგისტრირებული სამეცნიერო აღმოჩენა “ელექტრომაგნიტური ველის ტალღური სურათის აღწარმოების მოვლენა” (სსრკ-ს აღმოჩენის დიპლომი № 214, 1979 წ.). ეს  იყო პირველი დადასტურებული სამეცნიერო აღმოჩენა ამიერკავკასიაში.

ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი გივი ცინცაძე

ცნობილ ფიზიკოსს, პროფესორ გივი ცინცაძეს სამართლიანად მიიჩნევენ უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის დონეცკის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ დამაარსებლად. აქ, იგი ხელმძღვანელობდა „მყარი ტანის მაღალი წნევების რადიოსპექტროსკოპიის განყოფილებას“ და პარალელურად ასრულებდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ფუნქციასაც. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ხელმძღვანელობდა კიბერნეტიკის ისტიტუტის „კოჰერენტული ოპტიკისა და ელექტრონიკის სამეცნიერო ლაბორატორიას“. 1989 წელს, მისი ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირში პირველად,  მიიღეს ზეგამტარი კერამიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშები, გივი ცინცაძე დაინიშნა ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მაღალტემპერატურული კვლევების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელად. მოღვაწეობის ბოლო წლებში, გივი ცინცაძემ  ჩაუყარა საფუძველი ბიოლოგიური ქსოვილების ოპტიკური სპექტროსკოპიის მიმართულებას, რაც დღემდე რჩება მისი ლაბორატორიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი გურამ ჭილაია

მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში ფართოდ ცნობილი, ქართული თხევადკრისტალური ფიზიკის სკოლის დამაარსებელი, პროფესორი გურამ ჭილაია  სათავეში  ჩაუდგა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს და დაიწყო თხევადი კრისტალების ფიზიკური თვისებების კვლევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში გამოყენების მიზნით. გ.ჭილაია მიწვევით მუშაობდა მრავალ ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, იაპონიასა და აშშ-ში. 2006 წელს თხევადი კრისტალების ფიზიკის დარგში დამსახურებისთვის გ.ჭილაია გახდა ვ.კ.ფრედერიკსის საერთაშორისო მედლის ლაურეატი.

ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმბერ სანიკიძე

პროფესორი ჯუმბერ  სანიკიძე ავტორი და თანაავტორია შრომების დიდი ციკლისა, რომელიც მიეძღვნა კვანტურ სითხეებში  ტალღური პროცესების საკითხებს. მის სამეცნიერო გამოკვლევათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, ხარკოველ მეცნიერებთან ერთად შექმნილი, სამეცნიერო ლიტერატურაში ერთადერთი განმაზოგადებელი მონოგრაფია, რომელიც ეხება He3-He4 კვანტური ხსნარების ფიზიკური თვისებებს.

აღნიშვნის ღირსია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის გივი ბაგრატიშვილის ღვაწლი ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაში. მისი განყოფილების თემატიკა დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკის მიკროელექტრონული კომპონენტების მიღებასა და კვლევასთან, ლითონ–დიელექტრიკ–ნახევარგამტარი ტიპის ტრანზისტორების შექმნასთან, ახალი დიელექტრიკული ფირების დაფენის ტექნოლოგიების შემუშავებასთან. შემდგომში აღნიშნული განყოფილებიდან ჩამოყალიბდა გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება.

ფიზ.–მათ. მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ფირანაშვილი

ფიზ. მათ. მეცნიერებათა დოქტორი, თვალსაჩინო ქართველი მათემატიკოსი ზურაბ ფირანაშვილი ავტორი იყო მნიშვნელოვანი ნაშრომებისა სტოქასტურ პროცესთა მოდელირებისა და პროგნოზირების საკითხებში, განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი შრომები სტოქასტურ პროცესთა ინტერპოლაციის საკითხებში. ამ სფეროში მიღწეული წარმატების დამადასტურებელია ის, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში იხმარება ტერმინები ფირანაშვილი-ლის თეორია და ფირანაშვილის ალფა პროცესი.    

ინსტიტუტში მოღვაწეობდა კიდევ მრავალი ღირსეული მეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორები ანატოლი გიორგაძე, ავთანდილ კვიტაშვილი, მარკ პერელმანი, გიორგი ჭანტურია, როსტომ ჯიბლაძე, გურამ სიხარულიძე, მერაბ ჯიბლაძე და სხვები.

ამჟამად კიბერნეტიკის ინსტიტუტში 167 თანამშრომელი და 11 სამეცნიერო ქვედანაყოფია. ეს დანაყოფებია:

  1. მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილება – ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი გრიგორ გიორგაძე.

კვლევების სფეროები: 1) კვანტური გამოთვლების ანალიზური და სირთულის თეორია; 2) ფაზილოგიკის ალგებრული ანალიზი, უნიფიკაციის პრობლემების ამოსახსნელად, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპიუტერულ მეცნიერებებში თეორემების ავტომატური დამტკიცების ამოცანებში.

  1. სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილება (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი რევაზ თევზაძე);

განყოფილება მუშაობს სტოქასტურ პროცესთა თეორიისა და მისი გამოყენების სხვადასხვა საკითხზე. დამუშავებულ იქნა სტოქასტურ პროცესთა ინტერპოლაციის, მოდელირებისა და პროგნოზირების კონსტრუქციული მეთოდები. მიღებულია უიტეკერ-კოტელნიკოვ-შენონის ტიპის განზოგადოებული ფორმულები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ სიგნალთა გადაცემის თეორიაში. მიღებულია საშუალო კვადრატული აზრით ჰეჯირების ამოცანასთან და ინვესტირების ამოცანასთან დაკავშირებული შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებების სისტემა სემიმარტინგალური ფინანსური ბაზრისთვის და გამოკვლეულია სისტემის ამოხსნადობისა და ერთადერთობის საკითხი. შესწავლილია შემთხვევით გარემოში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სტატისტიკური მახასიათებლები. მიმდინარეობს კვლევები არამკაფიო სიმრავლეთა თეორიისა და ფაზილოგიკის სფეროში.

  1. სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება (ხელმძღვანელი ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი გოდერძი ლეჟავა);

განყოფილებაში საერთაშორისო გრანტების ISTC – სა და USTC-ს ფარგლებში დამუშავდა ჩაის შერჩევით საკრეფი მაღალი ეფექტიანობის რობოტული სისტემა. მიმდინარეობს მისი სამუშაო მოდელის აპარატული რეალიზაციის პროცესი. ამჟამად განყოფილების ერთი ჯგუფის მიერ მუშავდება ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემა აქტუალური გამოთვლითი ინტელექტუალური პროცედურების რეალურ დროში ამოსახსნელად. განყოფილებაში აგრეთვე მუშავდება ციფრული გამოსახულების სეგმენტაციის არაპარამეტრული მეთოდი, რომელიც კარგ შედეგებს იძლევა სხვადასხვა ტიპის ციფრულ გამოსახულებებზე გამოყენებისას ორიგინალური გამოსახულებისა და სეგმენტირებული გამოსახულებების ერთმანეთთან სიახლოვის თვალსაზრისით.

  1. ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილება (ხელმძღვანელი ბოილ. მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ ფარცვანია);

განყოფილებაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გრანტების ფარგლებში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კვლევები შემდეგ საკითხებში: ა) ინფორმაციის გადამუშავება და შენახვა ცალკეული ნეირონის მიერ გარეშე ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების პირობებში; ბ) კიბოვანი ქსოვილების დიაგნოსტიკა ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით (კვლევები მიმდინარეობს მედიკოსებთან ერთად); გ) დელფინის სონარში ექოსიგნალების დამუშავების ექსპერიმენტული შესწავლის საფუძველზე (ექსპერიმენტული კვლევები მიმდინარეობდა ადრეულ პერიოდში) ბიო-მიმეთიკური ანალოგის კომპიუტერული მოდელირება.

  1. გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი დავით ჯიშიაშვილი);

განყოფილების  ამჟამინდელი კვლევები მიმართულია ისეთი ახალი ნახევარგამტაული ნაერთების ნანომავთულების მისაღებად, რომლებიც გამოყენებულნი იქნებიან წყლის ფოტოელექტროქიმიური დაშლის კატალიზატორებად და მზის გამოსხივებით წყალბადის პირდაპირი მიღების საშუალებას მოგვცემენ. განყოფილებაში შექმნილი ნახევარგამტარული ნანომავთულების საფუძველზე იქმნება აირების ზემგრძნობიარე სენსორების მოქმედი ანალოგები. სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო გრანტის ფარგლებშიც.

  1. ნანოკომპოზიტების ლაბორატორია (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი შალვა კეკუტია);

ლაბორატორიის საქმიანობა ეხება  ნანონაწილაკების, ორგანულ-არაორგანული და არაორგანული ნანოკომპოზიტური მასალების შესწავლას. ამ სტრუქტურების საფუძველზე ხორციელდება ახალი თაობის ფუნქციური და სტრუქტურული მასალების (ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკების, გრაფენის ოქსიდის, კონსოლიდირებული სისტემები და სხვ) მიღება. ლაბორატორიის სამუშაოები მრავალჯერ მოპოვებული გრანტების ფარგლებში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს.

  1. ოპტიკისა და სპექტროსკოპიის განყოფილება (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი ზაზა მელიქიშვილი);

განყოფილება მუშაობს ბიოლოგიური ქსოვილის პათოლოგიების, მათ შორის ნეოპლაზიების, გამოვლენის ისეთ ინოვაციურ მეთოდზე როგორიცაა ლაზერით ინდუცირებული ფლუორესცენციის სპექტროსკოპია. ჩატარებული კვლევების შედეგად შეიქმნა დანადგარი – ლაზერული კანცეროსკოპი. შემოთავაზებული დანადგარი და ტექნოლოგია, რომელიც ლაზერის ნანოწამიანი იმპულსებით ბიოქსოვილებში გამოწვეული ფლუორესცენციის სპექტრების ანალიზს ეფუძნება, მათი სხვადსხვა პათოლოგიების გამოვლენის მძლავრ საშუალებას იძლევა. ოპტიკური ანიზოტროპიის სინათლით ინდუცირების და პოლარიზაციული სპექტროსკოპიის მეთოდების გამოყენებით, განყოფილების სამეცნიერო ჯგუფში მიმდინარეობს სინათლით მართვადი აგრეგაციების როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი კვლევები.

  1. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია – ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი ნიკოლოზ მარგიანი.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მიზნადაა დასახული  გაუმჯობესებული ფუნქციონირების მქონე მოწინავე ენერგომასალების შემუშავება. ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევის თემები მოიცავს დოპირებული/დანამატებიანი ოქსიდური თერმოელექტრული მასალებისა და მაღალტემპერატურული ზეგამტარების ფუნქციური მახასიათებლების გაზომვებს/ანალიზს/ოპტიმიზაციას გამოყენების ფართო არეალისთვის მათი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. ლაბორატორიას რამდენიმე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო  გრანტი აქვს მოპოვებული

  1. პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიულ კვლევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი ბარბარა კილოსანიძე);

ლაბორატორიაში შემუშავებულია პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი, რომელიც იძლევა სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას რეალურ დროში. პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის ბაზაზე,  შექმნილია კომპაქტური, რეალურ დროში მომუშავე, შედარებით იაფი და უნივერსალური სტოქსის სპექტროპოლარიმეტრი ასტრონომიაში გამოყენებისთვის. შემუშავდა ინოვაციური რეალურ დროში მომუშავე პოლარიმეტრიული მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში მექანიკური დაძაბულობების განაწილების რაოდენობრივი განსაზღვრისთვის. შემუშავდა ახალი ტიპის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული სისტემა მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდებისა და სამრეწველო პროდუქციის გაყალბებისაგან მაღალი დონით დაცვისათვის. სამუშაოები ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით გრძელდება ამჟამადაც. ლაბორატორია გამოირჩევა მოპოვებული გრანტების სიმრავლით.

  1. ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილება – ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი ანდრო ჭანიშვილი.

კვლევის სფეროა: ა) ქოლესტერული თხევადკრისტალური სტრუქტურები და პოლიმერში ინკორპორირებული მეტალური ნანონაწილაკებისა და ორგანული საღებავების კომპოზიციები, როგორც გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ნივთიერებები ოპტიკური ინფორმაციის ჩაწერისათვის, ბ) თხევადკრისტალური ბუშტოვანი სტრუქტურები, როგორც ძირითადი ელემენტები ახალი ტიპის ელექტრო-ოპტიკური ხელსაწყოების შესაქმნელად, გ) ბოჭკოვანი ელემენტების მიღება და კვლევა. დამუშავებულია და გამოკვლეულია ბოჭკოვანი ლაზერი მრავალკომპონენტიანი ნეოდიმიანი მინის საფუძველზე. მისი დროითი მახასიათებლები ელექტროსიგნალებით მართვადია გარე პიეზომოდულაციის გამოყენებით. ასეთი ბოჭკოვანი ლაზერის გამოყენება შეიძლება ინფორმაციის ოპტიკურ და ბოჭკოვან-ოპტიკურ სისტემებში და აგრეთვე ტელემეტრული ანტენების კომპონენტებად.

  1. თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორია (ხელმძღვანელი ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი გია პეტრიაშვილი);

ლაბორატორიაში მრავალი გამოყენებითი ხასიათის სამუშაოა შესრულებული. კერძოდ შექმნილია: ა) გარემოსადმი ადაპტირებული ტემპერატურულად  მართვადი ახალი სახეობის   ჭკვიანი ფანჯრები; ბ) ახალი სახეობის ამრეკლავი დისპლეები; გ)მაღალი ოპტიკური გარჩევადობის მქონე ფოტომგრძნობიარე   თხევადკრისტალური პოლიმერული ფირები მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების დოზიმეტრიისათვის, გაყალბების საწინააღმდეგო და დაშიფრული ინფორმაციის მრავალჯერადად ჩაწერისათვის; დ) ქოლესტერული თხევადკრისტალური გადაწყობადი მრავალხაზიანი ლაზერი ჰაერის დაბინძურების რეალურ დროში მონიტორინგისათვის; ე) ფოტოკატალიზის ეფექტზე დაფუძნებული გენერატორი დახურული სივრცეების სტერილიზაციის,  მავნე პათოგენების, ბიოქიმიური დამაბინძურებლებისა და სიმსივნური წარმონაქმნების გასანეიტრალებლად. სამუშაოები წარმატებით გრძელდება.

ინსტიტუტის თანამშრომელთაგან 9 მეცნიერებათა დოქტორი, 46 მეცნიერებათა კანდიდატი და 15 აკადემიური დოქტორია. ინსტიტუტში მოღვაწეობს 36 ქალი მეცნიერი.