სსიპ საქართველოს ტექნიკური უნიერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დებულება
თავი I. შესავალი დებულებები
პრეამბულა
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი დაარსდა 1960 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს #690 დადგენილების საფუძველზე მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი კიბერნეტიკის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის #61 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
2. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით «მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ» და «უმაღლესი განათლების შესახებ», შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით და ამ დებულებით.
3. ინსტიტუტს აქვს შტამპი, ბეჭედი (ინსტიტუტის სიმბოლიკით) და ბლანკი შიდა მიმოწერისათვის.
4. ინსტიტუტის ოფიციალური დასახელებაა
ქართულად: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი;
ინგლისურად: Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University.
მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
1. ინსტიტუტის მიზანია:
ა) კიბერნეტიკაში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების და საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ე) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში მონაწილეობა;
ვ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა.
თავი II. ინსტიტუტის მართვა
მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტის საორგანიზაციო და სამეცნიერო საქმიანობებს ხელმძღვანელობენ ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭო.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, ლაბორატორია, ცენტრი, ჯგუფი.
მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო:
ა) განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განიხილავს და აფასებს სამეცნიერო განყოფილებების მიერ შემუშავებულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და მათ საფუძველზე ადგენს ინსტიტუტის ერთიან სამუშაო სამეცნიერო-კვლევით პროგრამას;
ბ) სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ინსტიტუტის სწავლულ მდივანს, რომელიც აგრეთვე ასრულებს სამეცნიერო საბჭოს მდივნის მოვალეობებს. სწავლული მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და ინსტიტუტის დირექტორს;
გ) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
დ) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ე) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებული დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
თ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
ი) ამზადებს და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
კ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
მ) უფლებამოსილია ინსტიტუტის საპატიო მეცნიერ-თანამშრომლებად აირჩიოს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები.
მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება
1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება ძალაში შედის ამ დებულებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის შემდეგ მის პირველ სხდომაზე.
2. სამეცნიერო საბჭო ანგარიშვალდებულია მეცნიერთა საერთო კრების წინაშე. მისი ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დასმა და გადაწყვეტა შეუძლია მეცნიერთა საერთო კრებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3 მაინც.
4. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
6. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
7. ინსტიტუტის დირექტორი იმავდროულად არის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
8. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
3. სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე:
ა) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
ბ) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან განთავისუფლება.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
1. სამეცნიერო საბჭოს ასარჩევ წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება.
2. სამეცნიერო საბჭოს წევრები აირჩევიან ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება შედგება ინსტიტუტში მომუშავე სამეცნიერო პერსონალისაგან. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-სა. საერთო კრებას წარმართავს ინსტიტუტის დირექტორი ან მისი მოადგილე. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება მოიწვევა დირექტორის მიერ სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
4. არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირს.
5. სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით.
6. სამეცნიერო საბჭოს არჩევნებში თითოეული მეცნიერი ხმას აძლევს პირადად. ამომრჩეველი ბიულეტენში შესული სამეცნიერო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან შემოხაზავს იმ კანდიდატებს, რომელთაც ხმას აძლევს. ამომრჩეველს უფლება აქვს შემოხაზოს არაუმეტეს საბჭოს ასარჩევი დადგენილი რაოდენობისა. არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ მეცნიერთა სიითი შემადგენლობის მესამედისა.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრობის ორი ან მეტი ყველაზე ნაკლები ხმების მქონე კანდიდატი დააგროვებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, დირექტორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის მიერ მათთვის ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
8. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დროს ვერ იქნა არჩეული სამეცნიერო საბჭოს სათანადო რაოდენობის წევრი, იმავე დღეს, დარჩენილ ადგილებზე, დირექტორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის მიერ მათთვის ინიშნება და ტარდება ხელახალი არჩევნები დარჩენილ კანდიდატთაგან ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატებს შორის. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ხელახალი არჩევნები იმავე წესებით.
9. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს წევრის დამატებით/რიგგარეშე არჩევნებს. სამეცნიერო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
10. სამეცნიერო საბჭო ანგარიშვალდებულია მეცნიერთა საერთო კრების წინაშე. სამეცნიერო საბჭოს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ღებულობს მეცნიერთა საერთო კრება.
მუხლი 8. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
1. ინსტიტუტის მართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინტიტუტის დირექტორი:
ა) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს: სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსების ჩატარების წესს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესაბამისი საკონკურსო კომისიების შემადგენლობებს;
გ) წარუდგენს რექტორს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების სიას მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით;
დ) წარუდგენს რექტორს კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შტატგარეშე თანამშრომლად მისაღები პირის კანდიდატურას მასთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ე) უნივერსიტეტის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობებზე დასანიშნად;
ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ზ) შეარჩევს დირექტორის მოადგილის კანდიდატურას. შერჩეულ კანდიდატურას დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი დირექტორის უფლებამოსილების ვადით;
თ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ი) საქართველოს კანონმდებლობის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ინსტიტუტის ფინანსური სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
კ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
ლ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ ბრძანებას;
ნ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
4. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.
5. ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწეს სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენს ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ინსტიტუტის სწავლული მდივანი ამზადებს სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განსახილველ მასალას, უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი გეგმებისა და ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოების ანგარიშების დროულად შედგენას და უნივერსიტეტში წარდგენას, ინსტიტუტის კომპეტენციის ფარგლებში კურირებს მაგისტრატურის და დოქტორანტურის საქმიანობას, ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ვებ-გვერდისათვის მასალების შედგენას და ინტერნეტში განთავსებას. იგი აგრეთვე კურირებს კანცელარიის და სამეცნიერო ბიბლიოთეკის საქმიანობას.
6. დირექტორის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
დ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
7. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეცნიერთა საერთო კრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
4. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს კონკურსის პირობებს, განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს და კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.
5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დირექტორობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრისა.
7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 10. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსის წესით ირჩევს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
თავი III. ინსტიტუტის პერსონალი
მუხლი 11. ინსტიტუტის პერსონალი
1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, სამეცნიერო-საორგანიზაციო და დამხმარე პერსონალისგან.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო-საორგანიზაციო პერსონალს მიეკუთვნება:
ა) ინსტიტუტის დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;
გ) სწავლული მდივანი;
დ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
5. ინსტიტუტის დირექტორი, მოადგილე და სწავლული მდივანი არ შეიძლება იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამასთან, მათ შეიძლება ინსტიტუტში შეთავსებით დაიკავონ რომელიმე სამეცნიერო თანამდებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო, სამეცნიერო-საორგანიზაციო და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.
მუხლი 12. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1 სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
3. სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს, თანამდებობაზე არჩევის ვადებს და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
მუხლი 13. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;
დ) უფლება აქვს დაიკავოს უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.
ე) ისარგებლოს ინსტიტუტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით და ინსტიტუტის და უნივერსიტეტის სხვა ქონებით;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, ინსტიტუტის დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ქონებას;
დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
თავი IV. სხვა დებულებები
მუხლი 14. ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი რეგულირდება და ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.