აკადემიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე – დაბადებიდან 102 წლისთავისადმი
– მე მჯერა, რომ მეცნიერება ძირითადი მამოძრავბელი ძალაა ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– ყოველგვარი ინოვაცია ბოლოს და ბოლოს მეცნიერულ შედეგებს ეფუძნება.
– საზოგადოების წინსვლა ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელსაც ქმნის მეცნიერება და ტექნოლოგიები, თუკი მათ საზოგადოება და სახელმწიფო ეხმარება და ინიციატივას, სიახლეებსა და იდეებს უჭერს მხარს.
ვ. ჭავჭანიძე
ვიკიპედიის მშრალი ჩანაწერები კეთილსინდისიერად გვაწვდიან ვ. ჭავჭანიძის ბიოგრაფიის ძირითად თარიღებს, თუმცა მთავარი უთქმელი რჩება… უთქმელი რჩება ამ არაორდინალური ადამიანის მეცნიერული და სამოქალაქო გმირობით, დრამატიზმითა და ტრაგიზმით გაჯერებული ცხოვრება.
ვლადიმერ ჭავჭანიძე დაიბადა 1920 წლის 22 სექტემბერს ქალაქ სოხუმში – ანტიკური კოლხეთის ქალაქ დიოსკურიაში.
დედა – ელენე ტატუშკინა დიასახლისი იყო, ხოლო მამა – ვალერიან ჭავჭანიძე – ინჟინერი. ის 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ოჯახი, ქ-ნი ელენე სამ შვილთან (ვოვა, კოკა, ოთარი) ერთად, კლარა ცეტკინის (ამჟამად წინამძღვრიშვილის) №33 სახლის ბნელ ნესტიან სარდაფში აღმოჩნდა. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ქ-მა ელენემ დიდი სითბოთი და სიყვარულით გაზარდა „ხალხის მტრის“ დაობლებული შვილები.
უაღრესად დრამატული იყო ატმოსფერო, რომელშიც ყალიბდებოდა ვ. ჭავჭანიძის პიროვნება; ჯერ კიდევ კარგად იყო შემორჩენილი ხალხის მეხსიერებაში დამოუკიდებლობის სამი წლის გამონათება. კარგად ახსოვდათ ევროპაში ყველაზე უფრო პროგრესული კონსტიტუციის მქონე სახელმწიფოს წარმატებული მშენებლობა; ევროპელი ლიდერების ვიზიტები და აღფრთოვანებული შეფასებები; დიდი გეგმები და იმედები; წარმატებული ომები აგრესორებთან… ბოლშევიკების პროვოცირებული აჯანყებები… გოგუაძის ჯავშანმატარებელი („ჯავშანო“) და გენერალ მაზნიაშვილის ბრწყინვალე რეიდები.
შემდეგ კი ჩრდილოელი ტოქსიკური მეზობლის წითელ ურდოს, ე. წ. მეთერთმეტე არმიას შემოუძღვნენ მოღალატე ქართველები და დაიწყო მრავალწლიანი კოშმარი: ტოტალური ტერორი, დაპატიმრებები, დახვრეტები, ექსპოპრიაციები; ატმოსფეროს ამძაფრებდა კარზე მომდგარი მეორე მსოფლიო ომის აჩრდილი. „უპლოტნენიები“; კულაკობის, როგორც კლასის სისხლიან-ცრემლიანი ლიკვიდაცია; და ბოლოს – 37 წლის რეპრესიები, ქართული ინტელექტუალური ელიტის განადგურება. უამრავი ადამიანური ტრაგედია, საყოველთაო შიში და უიმედობა, ციციკორეებისა და ყვარყვარეების ზეობა; დასმენები, დახვრეტები, გადასახლებე-ბი…
ყოველივე ეს ხდებოდა გამაყრუებელი პროპაგანდისტული კაკაფონიის ფონზე: „კომუნიზ-მის დიდი მშენებლობები“, რომლებიც ძირითადად ეკლესია-მონასტრებიდან გატანილი განძის (მათ შორის ისტორიული მნიშვნელობის ნივთების) და გლეხობის გაძარცვისა და შიმშილით სულის ამოხდით „ამოღებული“ სახსრებით ხორციელდბოდა; ბელადების პორტრეტები; აღლუმები, დემონსტრაციები; და… კომუნიზმის დიდი საპნის ბუშტი, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გასკდა.
ასეთ ვითარებაში ხდებოდა იმდროინდელი თაობების ფორმირება. დამთურგვნელი ატმოსფერო, შედარებით ნაკლებად ბავშვებზე მოქმედებდა. მიმდინარე პროცესები ბევრში მოლოდინის გრძნობას აჩენდა… მოზრდილები თუ მოძალადე რეჟიმის სწრაფ დამხობას ელოდნენ და ნატრობდნენ, ბავშვები და ახალგაზრდები უფრო თავგადასავლებისა და სხვადასხვა ჟანრის გმირულ როლებს ირგებდნენ და ისე მოიაზრებდნენ თავიანთ მომავალს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვ. ჭავჭანიძეს უკვე მაშინ ჰქონდა გულში ღრმად შენახული ოცნება სამშობლოს გათავისუფლებასა და გაბრწყინებაზე; მკაფიოდ ჰქონდა განსაზღვრული მომავალი საქმიანობის სფერო და შორს მიმავალი მიზნები, რაც მისი ქვეყნის სამსახურს გულისხმობდა.
ასეთ არაორდინალურ ატმოსფეროში ვ. ჭავჭანიძემ 1936 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 26-ე საშუალო სკოლა და სწავლა სახ. უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო.
1941 წელს დაიწყო ომი გერმანიასთან. ვ. ჭავჭანიძეს გამოსაშვები გამოცდები ნაადრევად ჩააბარებინეს და ჯარში გაიწვიეს.
იბრძოდა რუმინეთში, სლოვაკიაში, უნგრეთში… დაიჭრა. განკურნების შემდეგ ნაწილში დაბრუნდა… გერმანიის კაპიტულაციამ ბუდაპეშტში მოუსწრო.
შემდეგ იყო შორეული აღმოსავლეთი; მანჯურია,ხანმოკლე ომი იაპონიასთან და ბოლოს 1945 წლის მიწურულს – დემობილიზაცია. მოკლედ, ეპოქის ყველა „სიკეთე“ იწვნია.
1946 წელს ის აკადემიკოს იგორ ტამის ასპირანტია. ასპირანტურა 1949 წელს დაამთავრა.
1950 წელს დაბრუნდა თბილისში, დაოჯახდა. მეუღლე – ქ-ნი ვერა მუმლაძე მისი თანაკურსელი იყო. ეყოლათ შვილები: მარინე (1951) და თინათინი (1957). ჰყავს შვიდი შვილიშვილი.
იმავე 1950 წელს მუშაობა დაიწყო საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. იმდენად გაიტაცა ჩანდრასეკარის შრომებმა, რომ კოლეგები ხუმრობით ხან „ჩანდრაჭანიძეს“ და ხანაც „ჭავჭასეკარს“ ეძახდნენ. დაინტერესებული იყო ფიზიკური ექსპერიმენტების (კერძოდ, დამუხტული ნაწილაკების ნივთიერებაზე გაბნევასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების) შედეგების ინტერპრეტაციისა და, რაც მთავარია, ასეთი ექსპერიმენტების სიმულირება-მოდელირებისათვის სტოქასტური პროცესების თეორიის გამოყენების საკითხებით.
1953 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დამუხტული ნაწილაკების ნივთიერებაში გავლისას მრავალჯერადი გაბნევისა და დანაკარგების კვლევა სტოქასტიკური მეთოდებით“.
უკვე მაშინ მისთვის ცნობილი გახდა მონტე-კარლოს მეთოდის შესახებ. ხედავდა რა სტოქასტური მეთოდების, კერძოდ, სტოქასტური მოდელირებისა და პროგნოზირების საოცარ ეფექტურობას, მას არ გასჭირვებია დაენახა ამ მეთოდების უდიდესი პოტენციალი, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდებოდა ფიზიკური ექსპერიმენტების სიმულირების სფეროს და შეიძლებოდა, რომ ადამიანთა საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროზე გავრცელებულიყო.
მოკლე დროში მან გამოაქვეყნა რამდენიმე სერიოზული ნაშრომი და მიმართულების აღიარებული ლიდერი გახდა. სტალინგრადის ჰესის სახელმწიფო მნიშვნელობის მშენებლობისას მას დაავალეს მდინარე ვოლგის გადაკეტვასთან დაკავშირებული უაღრესად პასუხსაგები გათვლების შესრულება, რაც მან ფილიგრანული სიზუსტით განახორციელა.
ეს მისი პირველი დიდი წარმატება იყო და ის უფროს მეცნიერ თანამშრომლად დააწინაურეს; გაზრდილმა ხელფასმა საშუალება მისცა სარდაფში, რომელშიც ცხოვრობდა, გაეკეთებინა ჰიდროიზოლაცია და აეხდინა დიდი ხნის ოცნება – შეეძინა საწერი მაგიდა.
როდესაც თითქოს უკვე გარანტირებული ჰქონდა უზრუნველი სამეცნიერო კარიერა, იგი გაეცნო ვინერის „კიბერნეტიკას“ და გააკეთა საბოლოო არჩევანი.
ვინერის იდეები მისთვის არა მარტო გასაგები და მისაღები იყო, არამედ ისინი ყველაზე კარგად შეესაბამებოდა მის მეცნიერულ გემოვნებას, მისი ნატურის მასშტაბებს, მის შეხედულებებს, მიზნებს და ოცნებას ქვეყნის გაბრწყინებაზე.
ვ. ჭავჭანიძემ კარგად დაინახა, რომ მართვის ფენომენი, რომელსაც კიბერნეტიკა შეისწავლის არის ის „წმინდა გრაალი“, რომელიც განაპირობებს ქმედებათა წარმატებასა, თუ წარუმატებლობას; რომ სწორედ ქმედებათა მართვის სრულყოფილმა უნარმა გააბატონა ადამიანი მასზე ფიზიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ცხოველებითა და უამრავი სხვა ხიფათებით სავსე დედამიწაზე; რომ ეფექტური -„სწორი“ მართვა არის ის, რაც განაპირობებს წარმატებას, როგორც ცალკეული ცოცხალი ორგანიზმის, ასევე სოციუმების დონეზე; ანუ პიროვნების, ოჯახის, დაწესებულების, ფირმის, რეგიონის, სახელმწიფოს, მთელი კაცობრიობის დონეზე და ამიტომ ის საზოგადოება, რომელიც სწავლობს და იყენებს მართვის სწორ, მეცნიერულად დასაბუთებულ კანონებს, დიდი ალბათობით უზრუნველყოფს თავის კეთილდღეობასა და მდგრადობას.
ჭავჭანიძეს კარგად ესმოდა, რომ ახალი დრო, ფანტასტიკურად აჩქარებული პროგრესი საქმიანობის ყველა დარგში შესაბამისობაში ვეღარ მოვიდოდა მართვის ტრადიციულ მეთოდებთან, რომლებიც ეფუძნებოდა მმართველის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მის ცოდნას და გამოცდილებას, აზროვნების სისხარტესა და სითამამეს. კარგად ესმოდა, რომ საჭირო იყო მართვის მეცნიერული, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდების დამუშავება, რაც განაპირობებდა ქვეყნის განვითარებას.
ამასთანავე ვ. ჭავჭანიძე კარგად ხედავდა, რომ სტოქასტური პროცესების თეორიის მისთვის კარგად ცნობილი მეთოდები ქმნიდნენ შესანიშნავ ბაზას სხვადასხვა ბუნების მქონე პროცესების მოდელირებისა და პროგნოზირებისათვის, რაც, თავის მხრივ, გზას უხსნიდა მართვის ალგორითმებისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნას.
იმასაც კარგად ხედავდა ჭავჭანიძე, რომ საზოგადოება, რომელიც სხვებზე ადრე განავითარებდა და პრაქტიკაში დანერგავდა მართვის პროგრესულ მეცნიერულ მეთოდებს უდიდეს უპირატესობას მიიღებდა და სხვებზე სწრაფად განვითარდებოდა.
ვ. ჭავჭანიძის ავტორიტეტმა და მეცნიერულმა სითამამემ განაპირობეს ის, რომ 1960 წელს საბჭოთა კავშირში პირველი კიბერნეტიკის ინსტიტუტი გაიხსნა თბილისში. ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ვლადიმერ ჭავჭანიძე. იმ დროისათვის ეს გაბედული ნაბიჯი იყო: კიბერნეტიკას ბევრი ჯერ კიდევ ცრუ მეცნიერებად – იმპერიალიზმის იდეოლოგიურ იარაღად თვლიდა, რომელიც თავად კომპარტიას ეცილებოდა მმართველისა და წარმმართველის როლს და არავინ იცოდა, როდის და როგორ მოიქნევდნენ კუდს საბჭოთა იდეოლოგიის ქუ-რუმები.
კიბერნეტიკის ინსტიტუტის შექმნას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული მასშტაბის მიღწევად თვლიდა. კიბერნეტიკული იდეები იმდენად მიმზიდველი იყო, რომ მათ მიიზიდეს იმდროინდელი ახალგაზრდობის ნაღები – ინტელექტუალური ელიტა.
სულ რაღაც 10-15 წელიწადში კიბერნეტიკის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა მძლავრ სამეცნიერო ცენტრად, თავისი მიმართულების საყოველთაოდ აღიარებულ ფლაგმანად, რომლის შესაძლებლობები აღემატებოდა იმ დროისათვის არსებული ბევრი ანალოგიური პროფილის დაწესებულების შესაძლებლობებს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კიბერნეტიკის ინსტიტუტის საფუძველში ვ. ჭავჭანიძემ ჩადო ორი ძირითადი პრინციპი:
- მულტიდისციპლინარულობა და
- ტექნოლოგიების პრიმატი.
ვ. ჭავჭანიძე კარგად აცნობიერებდა მულტიდისციპლინარულობის უპირატესობებს. ინსტიტუტში სრულფასოვნად იყვნენ წაროდგენილი ფიზიკოსები (როგორც თეორეტიკოსები, ასევე ექსპერიმენტატორები), მათემატიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, ტექნოლოგები, პროგრამისტები…
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც თსუ-ში შეიქმნა შესაბამისი ფაკულტეტი, მათ დაემატნენ კიბერნეტიკოსები. ასეთ კოლექტივს გააჩნდა უნიკალური უნარი, სხვადასხვა მხრიდან დაენახა პრობლემა და სხვადასხვა მხრიდან შეეტია მისთვის; ძალიან მალე ცხადი გახდა ასეთი მიდგომის ეფექტურობა.
ჩვენში (და, ალბათ, არა მარტო ჩვენში), როგორც კი იწყება რაიმე მნიშვნელოვანი საქმის კეთება, დაუყოვნებლივ ჩნდებიან კრიტიკოსები და არაკეთილმოსურნეები. ისინი აკრიტიკებდნენ ჭავჭანიძეს ინსტიტუტის მულტიდისციპლინურობის გამო. „არგუმენტები“ ასეთი იყო: „მათემატიკოსები მათემატიკის ინსტიტუტში უნდა მუშაობდნენ, ფიზიკოსები – ფიზიკის ინსტიტუტში“… და ა.შ.
ტექნოლოგიების მიმართულებაზე კი კრიტიკა ასე ჟღერდა: „ჭავჭანიძეს უნდა აკადემიური ინსტიტუტი ქარხანად გადააქციოს, იგი ვერ ხედავს განსხვავებას აკადემიასა და ქარხანას შორის“.
ჭავჭანიძე თვლიდა, რომ ნებისმიერი სისტემის წარმატებული მდგრადი განვითარებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ „სწორი“- ოპტიმალური მართვა. ანუ საკმარისი არ არის მხოლოდ იმ მეთოდებისა და მექანიზმების სრულყოფა, რომლებიც საშუალებას აძლევენ სისტემას ყოველი ზემოქმედების პასუხად ამოარჩიოს თავისი შესაძლო ქმედებათა რეპერტუარიდან ადეკვატური საპასუხო ქმედება. წარმატების მისაღწევად საჭიროა თავად ამ „შესაძლო ქმედებათა რეპერტუარის“ გაფართოვება. ამგვარად, Homo sapiens-ის საპატიო ადგილი ფილოგენეტიკურ ხეზე განაპირობა არა მხოლოდ შრომამ, როგორც ზოგიერთები თვლიან, არამედ ტექნოლოგიების გამოყენების ფაქტორმა.
დღეს ამა თუ იმ სოციუმის განვითარების დონის შესახებ, ჩვეულებრივ მსჯელობენ იმ ტექნოლოგიების დონის მიხედვით, რომელსაც ეს სოციუმი იყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების დონეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მასაჩუსეტის, სტენფორდის, კარნეგი მელონის და სხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტები.
ვლადიმერ ჭავჭანიძეს, კრიტიკოსებისაგან განსხვავებით, კარგად ესმოდა ტექნოლოგიების განმსაზღვრელი როლი. კიბერნეტიკის ინსტიტუტში იმ დროისათვის უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული ჰოლოგრაფიული, ოპტიკური ბოჭკოს, თხევადი კრისტალებისა და სხვა ტექნოლოგიები.
ნიშანდობლივია, რომ როდესაც ვ. ჭავჭანიძე ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკის“ მთავარ რედაქტორად დანიშნეს, მან ჟურნალს სახელი შეუცვალა და „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ დაარქვა.
ინსტიტუტის ჭავჭანიძისეული კონცეფცია კი, მართლაც, ეფექტური გამოდგა: ტექნოლოგიურმა პოტენციალმა განაპირობა ინსტიტუტით დაინტერესება და დამკვეთების სიმრავლე.
საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო, კოსმოსის კვლევის უწყებები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გეოლოგიის სამინისტროს გეოდაზვერვითი სამსახური და მრავალი სხვა კიბერნეტიკის ინსტიტუტის მუდმივი დამკვეთები იყვნენ.
თბილისი და, კერძოდ, კიბერნეტიკის ინსტიტუტი კიბერნეტიკის ერთგვარ მექად გადაიქცა: თბილისში სისტემატურად ტარდებოდა საკავშირო სიმპოზიუმები კიბერნეტიკაში; 1972 წელს თბილისმა უმასპინძლა IV საერთაშორისო კონფერენციას ხელოვნურ ინტელექტში.
ინსტიტუტი ითვლებოდაე. წ. სარეჟიმო, ანუ გასაიდუმლოებულ ობიექტად. თანამშრომლებმა იცოდნენ მეზობელი ლაბორატორიების პროფილი, თუმცა კონკრეტული სამუშაოების შესახებ მხოლოდ იშვიათად თუ გამოჟონავდა მწირი ინფორმაცია.
თუმცა იყო გახმაურებული პროექტები, რომელთა შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ და რომლებმაც განაპირობეს საზოგადოებრივი აზრი ინსტიტუტის შესახებ. ცნობილი იყო, რომ:
– კოსმოსში მუშაობდა ინსტიტუტში შექმნილი 10 სპექტროფოტომეტრი ე. წ. „ფოტოზავრი“;
– თავის დროზე სენსაცია მოახდინა ტრაქტორმა-რობოტმა, რომელიც უტრაქტორისტოდ მუშაობდა და იდეალურ ხნულებს ავლებდა;
– სალაპარაკო თემად იქცა ინსტიტუტში შექმნილი საომარი ოპერაციების მართვის პროგრამა, რომელიც გენშტაბის აკადემიაში ყოველწლიურ სწავლებებზე „ლურჯების“მხარეზე ათამაშეს და რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაანადგურა „წითლები“;
– ინსტიტუტში შექმნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ენდოსკოპის საშუალებით პირველად მსოფლიოში შიგნიდან კინოფირზე გადაიღეს მომუშავე გული;
– სენსაციის საგანი იყო ინსტიტუტში შექმნილი იმუნოსტიმულატორი „კატრექსი“… (დღეს „კატრექსის“ანალოგებს საზღვარგარეთ აწარმოებენ);
– ინსტიტუტში შექმნილი გეოლოგიური მონაცემების დამუშავების მეთოდის გამოყენებით იაკუტიაში აღმოჩენილ იქნა ალმასის რამდენიმე საბადო…
– ინსტიტუტში დამუშავდა დელფინებთან კომუნიკაციისა და მათი ქმედებების მართვის მეთოდები და შესაბამისი აპარატურა;
მოკლე დროში კიბერნეტიკის ინსტიტუტი აღიარებული ლიდერი გახდა მთელ რიგ გამოყენებით მიმარულებებზე, როგორებიცაა:
- ოპტიკური ბოჭკოს ფიზიკა და ტექნოლოგია;
- ჰოლოგრაფია;
- პოლარიზაციული ფილტრების ფიზიკა და ტექნოლოგია.
მოგვიანებით, საზღვარგარეთ ამ მიმართულებებმა მრავალმილიონიან ბიზნესებს დაუდეს სათავე:
- მსოფლიო დაიქსელა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაციებით;
- ყველა თხევადკრისტალურ მონიტორში მობილური ტელეფონებიდან დაწყებული და კომპიუტერებისა და ტელევიზორების ეკრანებით დამთავრებული, პოლარიზაციული ფილტრებია გამოყენებული;
- ყველგან, სადაც გაყალბების საშიშროება არსებობს, სასაქონლო ნიშნებში, ბანკნოტებსა თუ სხვა დოკუმენტებში, ფართოდ იყენებენ ჰოლოგრაფიას.
ამ ბიზნესებში უამრავი ადამიანია დასაქმებული…
სულ 20 წელი იყო ბატონი ვოვა მის მიერ შექმნილი ინსტიტუტის დირექტორი. ვ. ჭავჭანიძის თანამდებობიდან გადაყენებაში ზემოხსენებული არაკეთილმოსურნეების როლი მეორე და მესამეხარისხოვანი იყო. მათ მხოლოდ შირმის როლი შეასრულებინეს. ნამდვილი მიზეზი კი გაცილებით ღრმად, მაღალ ინსტანციებში იმალებოდა.
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს „ცივი ომისა“და შეიარაღების საქმეში აშშ-სთან გაჯიბრების პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის ეკონომიკისათვის „უკანასკნელი ლურსმანის“ როლი შეასრულა. კრახი გარდაუვალი იყო და მაშინდელი საბჭოთა კგბ-ს წიაღში იური ანდროპოვის თაოსნობით შეიმუშავეს „განახლებული კავშირის“გეგმა, რომელსაც საბჭოთა კავშირისათვის მაშველი რგოლის როლი უნდა ეთამაშა.
ამ გეგმის თანახმად, რესპუბლიკები იღებდნენ „მეტ დამოუკიდებლობას“. სამაგიეროდ, რესპუბლიკებში მდებარე ე. წ. „სტრატეგიული ობიექტები“საკავშირო დაქვემდებარეობაში გადადიოდნენ. საქართველოში ასეთი რამდენიმე ობიექტი ჩაინიშნა, და მათ შორის იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტი.
თავისთავად ეს მნიშვნელოვანი აღიარება იყო, მაგრამ, ვაი, ასეთ აღიარებას.მოსკოველი კურატორებისათვის მოულოდნელად ჭავჭანიძე ინსტიტუტის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან საკავშირო დაქვემდებარებაში გადაყვანას კატეგორიულად დაუპირისპირდა.
დაუპირისპირდა და დაისაჯა კიდევაც. ჭავჭანიძე გადააყენეს და დაიწყო ინსტიტუტის „დიდი უკუსვლა“. დაიწყო იმით, რომ ორი განყოფილება, რომელთაგან ერთი („Луч“) წარმატებით მუშობდა ფრთოსანი რაკეტების მართვის პრობლემაზე, ხოლო მეორე („Волна“) წყალქვეშა ნავებს შორის კავშირის პრობლემაზე, საკავშირო დაქვემდებარებაში გადაიყვანეს. ჭავჭანიძის ამ პოზიციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა იმ გადასახედიდან ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი ინსტიტუტის გადასარჩენად საკუთარი ინტერესების და საკუთარი თავის გაწირვის ხარჯზე.
სულ 20 წელი იმუშავა ბატონმა ვოვამ მის მიერ შექმნილი ინსტიტუტის დირექტორად.
იმას, რაც მან ამ ოცწელიწადში შექმნა, ბევრი წამყვანი სახელმწიფო ინატრებდა; ინსტიტუტს, რომელსაც შეეძლო მთელ რიგ საკითხებზე გამოემუშავებინა მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები, მართლაც ინატრებდა ნებისმიერი საკმარისად განათლებული და გონიერი მთავრობა.
ძნელია აღწერა, თუ რა განცდებს, რა ტკივილს ატარებდა ჭავჭანიძე, რომელსაც ხელიდან გამოგლიჯეს მთელი სიცოცხლის საქმე, ინსტიტუტი, რომელსაც ის და მისი თანამებრძოლები ოცი წლის განმავლობაში თავდადებული შრომით ქმნიდნენ. ქმნიდნენ იმ მიზნებისთვის, რომლებიც ქვეყნის პროგრესისკენ იყო მიმართული.
უკიდურესად ძნელი იყო ყურება, როგორ ტოვებდენ ინსტიტუტს მისი თანამებრძოლები. ჩვენს ქვეყანას აღარ ჭირდებოდა კადრები, რომლებიც საზღვარგარეთ ადვილად პოულობდნენ თავშესაფარს და დაფასებას.
ტკივილის მიუხედავად, ის ბოლომდე განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას, ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას; ხელმძღვანელობდა თსუ-ს თეორიული კიბერნეტიკის კათედრას; იყო ჟურნალ „მეცნიერება და ტექნოლოგიების“ მთავარი რედაქტორი, აქტიურად მუშაობდა მოწაფეებთან, ტკივილს არ იმჩნევდა, ჩვეულებისამებრ ოხუნჯობდა… მაგრამ, ცხადია, რომ… ყოველივე ეს ვერ ჩაანაცვლებდა მისი ცხოვრების ძირითად მიზანს…
ვლადიმერ ჭავჭანიძე გარდაიცვალა 2010 წელს, 90 წლის ასაკში…
მისი შექმნილი ინსტიტუტი კი მიუხედავად ყველაფრისა, იმედს არ კარგავს და შრომობს.
გოდერძი ლეჟავა
კიბერნეტიკის ინსტიტუტის სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების ხელმძღვანელი