“CAPTAIN: Science is the Captain” – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“.
პროექტის სახელწოდება ინსპირირებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”).
აღნიშნული პროექტით საქართველო შეუერთდა საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ (“European Researchers’ Night“), რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული 30 ქვეყანა.
გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ ემსახურება საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კულტურის პალატის ჩართულობით, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია როგორც საკუთრივ უნივერსიტეტის, ისე მასში შემავალი კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე კვლევითი აქტივობები.