DAAD Georgia-ს მიერ გამოცხადებული ქართველ მეცნიერთა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა: “EU fellowships for Georgian Researchers, 2023” კონკურსის შედეგები

DAAD Georgia-ს მიერ გამოცხადებულ ქართველ მეცნიერთა მობილობის მხარდაჭერის პროგრამაში: „EU fellowships for Georgian Researchers, 2023“,  ევროკავშირის მიერ 2023 წელს დაფინანსებულ კონკურსში გაიმარჯვა ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის  ორმა თანამშრომელმა:

  1. მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ირაკლი ჩაგანავას შესაძლებლობა ეძლევა მიმდინარე წელს ჩაატაროს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები სარაგოსას (ესპანეთი) უნივერსიტეტის არაგონის ნანომეცნიერებისა და მასალების ინსტიტუტში. ფოტონიკური პოლიმერების დარგში ცნობილ ესპანელ კოლეგა ქიმიკოსებთან ერთად დაგეგმილია გაუმჯობესებული თვისებების მქონე ორგანული პოლარიზაციულად-მგრძნობიარე მასალების ინოვაციური კომპოზიციების სინთეზი, რომელიც ეფუძნება ირაკლი ჩაგანავას სადოქტორო ნაშრომის შემუშავების პერიოდში განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგებს და მათ გაგრძელებას. თავის მხრივ, აღნიშნული სამუშაოები, ინიცირებულია ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული კვლევების ლაბორატორიაში.
  2. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ვერა ჯელაძე 3-თვიანი ვიზიტით გაემგზავრება გენტის უნივერსიტეტში (ბელგია) ელექტრომაგნიტური ტალღების ლაბორატორიაში ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად ბიოელექტრომაგნეტიზმის მიმართულებით.

ევროკავშირის მხრიდან ქართველი მკვლევარ-მეცნიერთა მობილობის მხარდაჭერა მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციურ-ტექნოლოგიური სექტორის ინტერნაციონალიზაციას, ასევე:

* საქართველოს მეცნიერ-მკვლევართა მუშაობის ნაყოფიერების ხელშეწყობას;

* სამოღვაწეო სფეროში ევროკავშირის კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას;
* ქართველი მეცნიერების მობილობის გაზრდას და მათი ევროპის კვლევით სივრცეში ინტეგრაციას;
* ასევე შესაძლო ინტეგრაციას კვლევისა და განვითარების ევროპულ პროგრამებში, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, Horizon Europe–ის ფარგლებში.

Spread the love