ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა რიგებს 88 წლის ასაკში გამოაკლდა თვალსაჩინო მეცნიერი, ფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი და ამავე დროს მრავალი ღირებული ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, ინსტიტუტის სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების ხელმძღვანელი გოდერძი ლეჟავა.
ბატონი გოდერძი ინსტიტუტში მუშაობდა დაარსების დღიდან და შეიძლება ითქვას სრულად ფლობდა ინფორმაციას ინსტიტუტის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ. იგი გამოირჩეოდა აზროვნების ფართო თვალსაწიერით. მისი ინტერესების სფერო მოიცავდა როგორც ფიზიკის, ასევე კიბერნეტიკისა და ტექნიკის აქტუალურ საკითხებს. იყო სამი საერთაშორისო გრანტისა და ასევე ადგილობრივი გრანტების მფლობელი. უაღრესად საინტერესო იყო მისი მოსაზრებები კიბერნეტიკის, როგორც სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
ბოლო პერიოდში მისი სამუშაოები ეხებოდა ჩაის საკრეფი რობოტული სისტემის კონცეფციის შემუშავებას და მის საფუძველზე საკრეფი მოდულის შექმნას.
ბატონი გოდერძის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ინსტიტუტის თანამშრომელთა გულებში.